როგორ მესაუბრა ღმერთი (გასაგებ ენაზე)

Eingetragen bei: Autorin | 0

– არც ნათელმხილველი ვარ რომ ვთქვა, რომ არსებობ და არც მეცნიერი, რომ ვამტკიცო რომ არ არსებობ. უფალო არსებობ თუ არა?

– შენთვის ვარსებობ, ზოგისთვის არა. ზოგისთვის ბუდა მქვია, ზოგისთვის ქრისტე, ზოგისთვის ალაჰი, ვიშნუ, იეჰოვა და კიდევ ათასი სხვა. ზოგისთვის მზე ვარ, ზოგისთვის ხარი, გველი, არწივი, თხა, სპილო ან ძროხა. ზოგი ყველასა და ყველაფერში მხედავს. ძაღლის მეგობრელ მზერაში, სატრფოს თვალებში, ლამაზი ქალის თმებში, ალუბლის გაფურჩქნულ ყლორტში ან ვეფხვის უზადო ბოლთის ცემაში. მე იუმორი ვარ, ბავშვი ვარ, ტკივილი, ცეკვა, მშობიარობის საიდუმლოება, მე შენ ვარ და ამავე დროს ათიათასი შენთვის უცნობი ელემენტი და განზომილება, ავადმყოფობა, კაცი, არქიტექტურა, მადლი, მელოდია, მათემატიკა, სიმღერა, ცხოველი, თამაში, ცრემლი, ქალი, ხალისი, მცენარე, სიკვდილი, ინდუსტრია, ცოდვა, ქეიფი, ლიტერატურა, სიცილ-ხითხითი, ტექნიკა, მოწყენილობა. ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში შემხვდები მე.

– და მაინც რა გქვია?

– სამყარო, დრო და სივრცე, განგება და შემთხვევითობა, იღბალი და ბედისწერა, ერთი მთლიანობა და მილიარდი წვრილმანი. ჩემში ისიც მრავლად არის თავმოყრილი, რასაც თქვენ ადამიანურ სისუსტეებს უწოდებთ. მე რომ არ გამაჩნდეს ისინი, მაშინ არც თქვენ არ გექნებოდათ და თუ მაინც გექნებოდათ, მაშინ გამიჭირდებოდა თქვენთვის მათი პატიება. მე თქვენ ვარ და თქვენ მე.

– შენი მორალი რა არის?

– არაფერი და ყველაფერი!

– და სულ ეგ არის?

– სულ ეგ არის.

– როგორ, არავითარი პირობები, წეს-ჩვეულებები, პრინციპები, ტრადიციები, არავითარი დადგენილობები თუ რა არის კარგი და ცუდი?

– არა! მე უბერებელი და ცვალებადი ვარ. რაც შენთვის მიზანშეწონილი იყო ათასი წლის წინათ, ის მიუღებელია დღეს. მე ისევე ვიცვლები როგორც შენი მორალი. ვარ მილიარდი სინათლის წლის და ამავე დროს მუდამ თანამედროვე. მე შენ მოგყვები დროში და არ გთხოვ რომ ჩამორჩე, იმისთვის რომ იყო გონებით ჩემი ხნის. მე ხომ ღმერთი ვარ, მე ხომ ყველაფერი შემიძლია. შენ კი ჩემი ქმნილი ხარ. მიყვარხარ და გაძლევ თავისუფლებას, მილიონობით შესაძლებლობას, აირჩიე და იცხოვრე. ნუ შეიზღუდავ თავს.

– ნუთუ ყველაფრის უფლებას მაძლევ?

– ყველაფრის უფლებას.

– განა ესე შეიძლება? მაშინ ცუდს გავაკეთებ.

– მე არც გემუქრები და არც გევაჭრები. კარგი და ცუდი ადამიანების დადგენილია, ჩემთვის ეგეთი რამ არ არსებობს. მე ყველაფერზე გეთანხმები და შენს გვერდით ვდგევარ. ისევე როგორც მშობელს უყვარს შვილი ყველანაირი პირობებისა და შეთანხმებების გარეშე.

– მაშ ყველაფრის უფლება მაქვს?

– რა თქმა უნდა!

– და მართლა ყველაფერს მაპატიებ?

– ხო, აბა რა!

– რასაც მინდა შევჭამ, როცა მინდა და რამდენსაც მინდა?

– ხო, რატომაც არა, შენთვის მინდა ყველაფერი (შვილო).

– რასაც მინდა ჩავიცმევ, სადაც მინდა წავალ და როცა მინდა მოვალ?

– ხო აბა! შენ შენი ჭკუა გაქვს (შვილო).

– და არანაირი წინაპირობა და არც არანაირი ხრიკი?

– არანაირი.

– რომ დაგგმო და ვთქვა არ მწამს მეთქი?

– (იცინის) – მოგენატრები და ისე მოხვალ, როგორც გაბუტული პატარა, მშობელთან.

– ვაააა – დავფიქრდი – კაცი რომ მოვკლა? – მეგონა ეხლა წავიჭირემეთქი.

– რა შენნაირებს მოუკლავთ?

– მაინც გეყვარები?

– მაინც მეყვარები.

– მერე შენ კაცის მკვლელიც გიყვარს?

– მე ყველა მიყვარს.

– როგორ?? შეიიძლება კაცის მკვლელი გიყვარდეს, ის ხომ კაცის მკველია, ის ხომ შენგან ბოძებულ სიცოცხლეს ხელჰყოფს?

– მე მაინც მიყვარს იგი და მეცოდება. კაცი, რომელიც მან მოჰკლა, ამთავრებს სიცოცხლეს, ხოლო მკვლელი, იმ ცოდნით აგრძელებს ცხოვრებას, რომ კაცი მოჰკლა. ასეთი ადამიანი ცოდოა. იგი იტანჯება, რადგან როცა ზიანს აყენებ ძმას, ორმაგი ზიანი ადგება მას. ყველა სულიერი ჩემი შვილია და ამ მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული. სხვისი ტკივილი შენი ტკივილია. ამიტომ კი არ გიბრძანებ „არ მოჰკლა“მეთქი, არამედ გირჩევ, „ნუ მოჰკლავ“, რადგან ვიცი, როგორც ყველა შვილი, შენც ჯიუტი ხარ და რომ დაგიშალო, უფრო გააკეთებ და ამით შენს თავს ავნებ. თუ არ გაითვალისწინებ, შემეცოდები და შევეცდები შეგიმსუბუქო ტანჯვა, რომ აუტანელი არ გახდეს იგი შენთვის. მაგრამ მთლად არ განგათავისუფლებ ტანჯვისაგან, რომ კიდევ არ ჩაიდინო შენთვის საზიანო ქმედება.

– ნატვრაზე რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, ყველას აგისრულებ.

– მართლა?

– ხო!

– ყველას ყველას?

– ყველას!

– და რას მთხოვ სამაგიეროდ?

– არაფერს. ოღონდ ფრთხილად იყავი ჩაფიქრების დროს, იცოდე აგისრულდება.

– მერე მაგას რა ჯობია, განა ახდენილ ოცნებაზე დიდი ბედნიერება არსებობს რამე?

– კარგად უნდა იცოდე რა გინდა და რა არა. ბრმა ნატვრას ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ხეირი.

– რა ადვილი ყოფილა ყველაფერი, არც არაფერი მეკრძალება, არც არაფერს მაძალებ, ყველაფრის ნებასაც მაძლევ. რაღაც გული მეუბნება რომ რაღაცას მიმალავ და ჩემი მოტყუება გინდა.

– შენი აზრით, რომელი სჯობს, სასტიკი თუ მეგობრული მშობელი?

– რა თქმა უნდა მეგობრული მშობელი.

– რომელს აირჩევდი, მშობელს რომელიც მჭიდროდ მოგიჭერს მარწუხებს თუ რომელიც გაგანებივრებს?

– რა თქმა უნდა იმას, რომელიც გამანებივრებს.

– და რას ფიქრობ, როდის უფრო შეგიყვარდებოდა შენთვის უცხო ადამიანი, როცა სხვები მის სიყვარულს დაგაძალებენ, თუ როცა შენ თვითონ აღმოაჩენ, რომ მასთან ბევრი გაქვს საერთო და ერთმანეთის გესმით, როცა შენი გული გკარნახობს მასთან სიახლოვეს?

– რა თქმა უნდა ბოლო შემთხვევაში.

– ხო და მაშინ რატომ გიკვირს რომ გექცევი ისე, როგორც გექცევი, და არა სხვანაირად. შენ თუ ბოროტების ჩადენას იმიტომ ერიდები, რომ ჩემი გეშინია, აუცილებლად ჩაიდენ მას, როცა ჩემი აღარ შეგეშინდება. თუ ბავშვი მხოლოდ იმიტომ არ სცემს თავისზე პატარას რომ მამის ეშინია, ის აუცილებლად დაარტყავს პატარას მაშინ, როცა მამას გასულს დაიგულებს.

– ლოგიკურად ჟღერს. ისე შენ მართლა სამართლიანი არსება ყოფილხარ. და მაინც ბევრი ხდება უსამართლობა ამ ქვეყანაზე შენი სახელით. რატომ უშვებ ამას და თუ ამაში მხოლოდ ადამიანები არიან დამნაშავენი, რატომ არ აღკვეთ უსამართლობებს?

– ვინ გითხრა რომ უსამართლობა ხდება? ცხოვრება სასწორია და ყველაფერი ადრე თუ გვიან თანაბრდება. ის რაც ახლა შენთვის უსამართლობაა, შეიძლება შენი მეასე შვილისვილისთვის ის იყოს, რასაც შენ ეხლა ბედნიერებას ეძახი.

– განა უსამართლობა არ არის უდანაშაულოთა კვლა, დევნა, ძალადობა, სიღარიბე, შიმშილი, გვალვა და წყალდიდობა? ეს ყველაფერი ათასი წლის მერეც უსამართლობა არ იქნება?

– გააჩნია ვისთვის და რა შემთხვევაში. ადამიანებს ბევრი რამ ეჩვენებათ უსამართლობად, ჩემთვის კი ყველაფერი მოვლენათა დინებაა. ჩემს ხელოვნებაში ათასი წლის ისტორია ერთი ნიუანსია, რომლის წყალობითაც საინტერესო ხდება შემოქმედება. მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც მაქვს სიამაყის გრძნობა, ფანტაზია და სურვილი, შევქმნა რაიმე საინტერესო, რაღაც ინდივიდუალური. ინდივიდუალური კი ერთფეროვნებით არ იქმნება. მე სასწაულიც ვარ და კატასტროფაც, ლამაზიც და შემზარავიც.

– ესეიგი შენ იმის თქმა გინდა რომ სურათებს აფერადებ ჩვენი დაქცეული სისხლებით?

– შეიძლება ითქვას.

– შენ მაშინ ცუდი ღმერთი ყოფილხარ, (ჩემი ახლანდელი გაგებით ყოველ შემთხვევაში)

– ჩემთვის არ არსებობს ცუდი და კარგი. ჩემთვის ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. თვითოეულ თქვენგანს აქვს არჩევნის საშუალება. ადამიანი ირჩევს და ასრულებს ერთ-ერთ მისთვის განკუთვნილ დანიშნულებას.

– ანუ იუდამ აირჩია გამყიდველის გზა?

– იუდამ? რომელმა იუდამ?

– აი იმან ქრისტე რომ გაჰყიდა. ბიბლიის ერთ ერთმა ფიგურამ.

– ხო, აი თუნდაც როგორც იუდამ.

– ეს მაგალითი იმიტომ მომყავს რომ სხვა რელიგიებში ვერ ვერკვევი. მართლმადიდებლად ვარ გაზრდილი. არც ამის გამეგება დიდად რამე. ხანდახან ბიბლიას ვკითხულობ.

– კითხვა კარგია. გონებას გაგიხსნის.

– და თანაც ბიბლიის ხო?

– ყველა წიგნის, რომელიც ჩემზე დაგაფიქრებს და ჩემს თავს შეგახსენებს.

– ანუ სხვა რელიგიური წიგნების წაკითხვის უფლებაც მაქვს?

– შენ ყველაფრის უფლება გაქვს.

– ა ხო, სულ მავიწყდება რომ ყველაფრის უფლება მაქვს. აუ ძალიან ჯიგარი ღმერთი ხარ, მართლა. სურვილი მაქვს გავვარდე ხალხში და ყველას შენზე ვუამბო, რელიგიად გაღიარო.

– არა რა… მაგას ნუ იზამ….

– რატომ, განა არ გინდა ისეთი გიწამოს ყველამ როგორიც მე მწამხარ? განა არ გინდა იყვნენ ადამიანები მორწმუნენი და ამასთანავე არ იყვნენ ტრადიციებით და წეს-კანონებით შეზღუდულნი?

– არა! როცა რწმენა რელიგიის სახეს ღებულობს, მაშინ ვიკარგები მე, რადგან მასობრივი ხდება იგი. სადაც მასაა, იქ იკარგება პიროვნული შეგნება და შეგრძნება. ყველა იძულებულია იწამოს, მიუხედავად იმისა დაფიქრებულა თუ არა იმაზე, ვინ ან რა ვარ მე. ადამიანს არ ეძლევა გამოკვლევის, ძიების და პოვნის საშუალება. ვიღაც ბრძანებს აი უფალიო და ყველას აიძულებს ირწმუნოს მის მიერ აღმოჩენილი ღმერთი. რელიგიები და ღმერთები ჩემი ნაწარმოების გმირები არიან, ისევე როგორც იმპერატორები, რომლებიც მოვიდნენ და ისევ წავიდნენ.

– და შენ არასოდეს არ წახვალ? შენ ერთადერთი ხარ ვინც უკვდავი იქნება?

– არა და ხო.

– ეგ როგორღა გავიგო?

– მე ვიწყები დასაბამიდან და ვმთავრდები დაუსაბამობაში. მე ვიბადები ყველა სულიერში და ვკვდები მათთან ერთად. მე ვარ განუზომელი და უძლეველი, ამასთანავე უსუსური და მცირე, როგორც ქვიშის მარცვალი. მე ვარ ყველაზე ამპარტავანი და ყველაზე თავმდაბალი. და გახსოვდეს, ნურავის დაუჯერებ ვინც გეტყვის რომ უკვდავია. არაფერია ამ სამყაროში წარუვალი და სამუდამო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი მიდის და მოდის, მოდის და ისევ მიდის. იფიქრე ამაზე როცა უბედური ხარ და ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას და არ დაგავიწყდეს ეს სიტყვები, როცა ხარ ბედნიერი, იცოდე ბედნიერებაც წარმავალია.

– და მაინც, რა ბოლოს რა რჩევას მომცემდი?

– უსმინე შენს შინაგან ხმას, რადგან მე გელაპარაკები მისი სახით. თუ გული გეტყვის, არ გააკეთოო ესა თუ ის, ნუ გააკეთებ მას. და თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვს, გააკთე ის, რადგან მხოლოდ შენ იცი, თუ რა არის შენთვის კარგი. ნუ ჩათვლი შენს თავს ყველაზე პასუხისმგებლად. იცხოვრე შენი ცხოვრება, იყავი ლაღი და აცადე სხვებს იცხოვრონ თავიანთი ცხოვრება. ნუ გეგონება შენი თავი მნიშვნელოვანი, რადგან შენ სამყაროს ერთი ჩვეულებრივი ბინადარი ხარ. ნუ მიეცემი შიშს და სასოწარკვეთილებას. ეცადე იყო გაწონასწორებული და სიყვარულით აღსავსე, რათა სხვებსაც უწილადო შენი ბედნიერების პატარა ნაწილი მაინც. ნუ შეგშურდება სხვისი, რადგან შური გავნებს მხოლოდ შენ. იყავი ის, რაც გსურს რომ იყო, მიგულე შენს გვერდით და მომიხმე როცა მოგენატრები.

– და რომ არ გავითვალისწინო შენი რჩევები?

– აკეთე მხოლოდ ის, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლი.

– შენთან საუბარი მიყვარს! შენ მიყვარხარ! გმადლობ რომ ხარ! გმადლობ რომ ვარ!

2016
ვერიკო მოდებაძე

Schreibe einen Kommentar

Deine E-Mail-Adresse wird nicht veröffentlicht. Erforderliche Felder sind mit * markiert.