ცუდად მშფოთვარე ქარები ჩადგნენ

და იხილვება მზის წყნარი სახე,

ბოროტმეტყველნი ნისლები გაჰქრნენ,

არ ძალუძთ კეთილს დაუგონ მახე!

 

მე ვძლიე ბოროტს, მე ვძლიე ავდარს

და გავამეფე ჩემს სულში სიტყვა,

სიტყვა რაც არჩევს უზადოდ ავკარგს,

რაც თვით საქმემდე არასდროს ითქვა.

 

მოკვდა მიზანი, მოკვდა ოცნება,

არც მომავალი შემრჩა ფიქრებში,

მაგრამ კეთილად მომაგონდება,

რაც წარსულს დარჩა ზღაპარმითებში.

 

მე აღარ ვღელავ, მე ვიცი მხოლოდ,

რაც გინდა მოხდეს, რაც უფალს სურდეს,

თუმც ვერ დავუთმებ ერთ რამეს ბოროტს

იმ ნიჭს ტრფობისას, რაც ჩემში სუფევს!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე