როცა ცხოვრებას მიზანი არ აქვს,

როცა ცხოვრებას არა აქვს მრწამსი,

ცრემლით ჩარეცხე ცხოვრების ლაქა,

ვით ქრისტეს ფეხი, მალამოს წასმით!

 

როცა იგრძნობ რომ არ ხარ საჭირო

და გდევნის ყველა ქალი თუ კაცი,

სულს ატირება არ დააჭირვო,

თვალებს არგუნე ტირილი მკაცრი.

 

როცა არსაით აღარ გქონდეს გზა

და ყველას თვალში დაჰკარგო ფასი,

იცოდე ქვეყნად სიკვდილის გარდა,

კიდევ არსებობს თუნდ ერთი შანსი!

 

და სანამ ბედი კვლავ გაგიღიმებს,

მოგემადლება ღვთის ნიჭი ციდან,

მონანიებით უშველი ცოდვებს,

არ დაიშურო ცრემლები წმინდა!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე