გული მოხარშა ცის დაბნელებამ,

ნათელი ტირის, როცა ღამდება,

ტირის და ჰკარგავს თეთრ ელვარებას,

მოსთქვამს და ცხელი ცრემლით ბრმავდება.

 

ის იძირება და იღუპება,

ტვინი გააპო სიკვდილის სტვენამ.

სისხლისფერ ზღვაში მთლად ილუმპება,

მწარედ ამღერებს სხეულის ტკენა.

 

ჩუხჩუხებს ღამე ადუღებული,

მისი ხარხარი არსებას ჰზარავს,

იღვიძებს ბნელი დაბუდებული,

დღის სიქათქათეს წყვდიადი ბზარავს.

 

დღემ დაიჩოქა წამებით სავსემ,

ღამემ მეფური ჩაიცვა კაბა,

კანკალით უბნევს ბნელს ოქროს თასმებს,

დრო დავიწყების ჩაჰყლაპავს ხარბად.

 

ასე გამეფდა ბოროტი ღამე,

სინათლის კვდომის და დღის ტანჯვიდან,

თითქოს სურს წყნარად რომ მითხრას რამე,

ღამე კეთილად მიცქერს ფანჯრიდან.

2002 –

ვერიკო მოდებაძე