ვსუნთქავ და მესმის გულის ჩურჩული,

დავასრულებო აპრილში ფეთქვას!“

ეს თუ ასეა, მინდა დასასრულს,

რომ ღირსეული სიკვდილი ერქვას!

 

არ მინდა მოვკვდე უმტკივნეულოდ,

მინდა მეწვიოს სიკვდილი მკაცრი,

ქალი ვიქნები სიცოცხლის ბოლოს,

მაგრამ მინდა რომ მოვკვდე ვით კაცი!

 

ეშმაკს არ მივცემ უფლებას მმართოს,

ვერც მოახერხებს სულის წაღებას,

თუ განგებაა, თუ საჭიროა,

მე ნეტარებად ჩავთვლი წამებას.

 

ან კი რა არის ხორცის ტკივილი,

მღელვარე სული თუ დაწყნარდება,

თუ დაისმება რკინის წერტილი,

მიწიერება თუ დამთავრდება.

 

თუნდ დაილეწოს დიდი სამოთხე

და დაიკეტოს წმინდა ტაძარი,

მაინც ნაპერწკლად აღარ იქცევა,

ცეცხლად ქცეული რწმენის ხანძარი.

 

ჩემი შედევრი მაინც იცოცხლებს,

თუმც სისხლი შესწყვეტს ძარღვებში დენას,

მერე რაა რომ აღარ ვიქნები,

ჩემი სული ხომ დაიწყებს ფრენას!

 

ქალი ვარ მაგრამ მოვკვდე ვით კაცი,

ომში დავიჭერ რკინის სატევარს,

ერთი დღის ტანჯვას კიდევ გავუძლებ,

რა უნდა გულში ტანჯვის დატევას.

 

არსება ჩემი არ შეშინდება,

სიკვდილს ამარცხებს მარადისობა,

ხელოვნებაა თავის განწირვა,

მტერთან ტკივილის უკმარისობა.

 

არ მინდა მოვკვდე როგორც ლაჩარი,

მინდა ჩემს სიკვდილს სიკვდილი ერქვას,

ცსუნთქავ და მესმის გულის ჩურჩული,

დავასრულებო აპრილში ფეთქვას!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე