აღარც აზრი მაქვს, აღარც ფიქრი და აღარც მუზა,

ჩემი თვალები ეხებიან მხოლოდ ერთ წერტილს,

თითქოს დაეშვა უკვე ფსკერზე ცხოვრების ღუზა,

გადამწყვეტ ზარებს ველოდები, გადამწყვეტ წერილს.

 

მაგრამ ბრმა ბედი არ მოსულა ჯერაც ჩემამდე!

მუდამ ვეძახი, მაგრამ იგი ყრუც კი აღმოჩნდა,

თუ მოსვლა იყო მოსულიყო ჩემს გაჩენამდე,

არც ახლა მოვა, თუ აქამდე ის არ გამოჩნდა.

 

თუმცა მზის სხივი კვლავ ანათებს ჩემს სულს დამტვერილს

და ღვთისმშობელი კვლავ მპირდება სიზმრად იმედებს,

ჩემი არსება ბოლო სიტყვას მაინც მოელის

ნატკენი გული სითბოს უხვად მაინც იმეტებს.

 

ვიცი ახდება ჩემი ორი ოცნება, მჯერა!

დარდების მინდორს გადავლახავ, ფიქრების ყანას,

თუმცა ცრემლები ნისლებივით მასველებს ჯერაც,

შენც მომიხდი ქედს და მეც ვნახავ უცხო ქვეყანას!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე