მზე ასე ცხადად შენთვის ბრწყინავს ალბად ძვირფასო,

თორემ ნოემბერს სად ჰქონია ასეთი დილა,

ლამის შეისხას ხორცი სხივმა და კაცთა შორის,

ამ ცისკრის მადლით, ქვეყანაზე დაიდოს ბინა.

 

მე ნოემბერში არ მიგვრძნია მსგავსი სურნელი

და სიხასხასე არ მინახავს ფერების, მსგავსი,

თითქოს თვრებიან მნათობები შენი კურთხევით,

გადღეგრძელეს და გამოსცალეს პირველი თასი.

 

სითბომ ყინვისგან მიბნედილი გული გაალღო,

რა უჩვეულო დღე გათენდა რა უცნაური,

მკრთალმა სინათლემ გლოვისფერი ნისლი გააპო

და დამიმკვიდრა სულში შენი დღესასწაული.

 

შენ შორს ხარ ჩემგან,

მაგრამ მე ვარ კვლავ შენთან ახლოს,

და მიხარია, ამ დღის ნახვა კვლავ რომ მეღირსა,

შენთვის ანათებს ეს მნათობი ალბათ ძვირფასო,

აბა ჩემსავით რად იწვება მზე ნოემბრისა?

– 2002

ვერიკო მოდებაძე