ნეტავი თვალი მოვატარო იმ არემარეს,

მისი სუნთქვა რომ უერთდება ფარფატა ნიავს,

მოსტაცებს სიტყვებს მის ბაგეებს მოუსვენარი,

ცელქ ნიავს მისი საუბარი ზეცაში მიაქვს.

 

ნეტავი თვალი მოვატარო იმ არემარეს,

სადაც ის ცოცხლობს, მოკვდავთ შორის რომ უდევს ბინა,

მსურს დავინახო, მონატრებულს შევავლო თვალი,

სანთლისფერ სახეს, კიდევ ერთხელ შევხედო მინდა.

 

ან ფრთები მქონდეს რომ ერთ წამში ავფრინდე ცაში,

უმსუბუქესი მერცხალივით გავაპო სივრცე,

რომ რაც ვეწვალე მარტოობით ქარს გავატანო,

რომ ეს მკორტნელი მონატრება წარსულ დღეთ მივცე.

 

რომ საშინელი მოლოდინით ვიცოცხლო ისევ,

რომ დამეღალოს მზერა მისი ნახვის სურვილით,

ღმერთს ვთხოვ ყოველი ლოცვა ჩემი მას შეაწიოს,

რომ მისთვის ლოცვად შეიწიროს ჩემი დუმილიც.

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე