ქადაგებას ჰგავს მისი ნათქვამი,

უბრალო სიტყვას აქცევს ანდაზად,

სიტყვა ქართულის გაგონებაზე,

ის გვაგონდება ყველას ანაზდად.

 

ის რასაც იტყვის არ გვავიწყდება,

გონებას ისე ძლიერად გვიხსნის,

მისი სიტყვები და შთაგონება,

ბევრს განსაცდელის ჟამისგან იხსნის.

 

თუმცა არ უყვარს როცა აქებენ,

მაგრამ არ ვამბობ გადაჭარბებულს,

ეყოფა დღემდე რაც გავაწვალეთ,

რაც ვაწყენინეთ აქამდე მის გულს.

 

აღელვებისგან სათქმელს ვერ ვამბობთ,

თუმცა სათქმელი კიდევ დიდია,

მან შეგვაყვარა ენა ქართული,

გვასწავლა შოთა, ვაჟა, ილია.

 

გადაგვიყვანდა მათ ეპოქაში,

წარსულს მხურვალედ გვაგრძნობინებდა,

სიტყვას – მადლიანს გულზე გვაწერდა,

უგულო ნათქვამს გვაგმობინებდა.

 

რა არ გვასწავლა, რას არ გაგვაცნო,

ხან სასაცილო, ხან ცრემლიანი,

გალაქტიონი გაგვითავისა,

შეგვასისხლხორცა მან ტიციანი.

 

გვეხმარებოდა როგორც შეეძლო,

ჩვენთვის ძალღონეს არ იშურებდა,

გვითანაგრძნობდა მეგობარივით

და მშობელივითაც გვიყურებდა.

 

მისი დატუქსვა, საყვედურები,

არ დაიჯერებთ მაგრამ გვიყვარდა

და მასთან ერთად ასე ნელნელა,

ჩვენი ბავშვობის წლები მიგვყავდა.

 

ის გვინერგავდა სულ მეგობრობას,

შეაკავშირა ჩვენი გულები,

თვით სიყვარული არ დაინანა,

გაგვინაწილა ყველას უკლებლივ.

 

ვინ იცის გული როგორ ვატკინეთ,

რამდენი წყენა გულით ატარა,

მაგრამ უსაზღვრო სიყვარულისთვის,

მაინც იკმარა გული პატარა.

 

სანაცვლოდ მხოლოდ ტკენა გულისა

და გაბრაზება დარჩა სახსოვრად,

თვითონ კი თავი მშობელი ენის,

უბადლო მცოდნედ დაგვამახსოვრა.

 

კიდევ ბევრს აღზრდის მამულიშვილად,

ახდება ჩვენი ერის ოცნება.

ბევრს დაულოცავს გზას დიდებისკენ

და მუხა კვლავაც შეიმოსება“

– 2001 –