თვალებს წყვდიადი ისე აბნელებს,

ვეღარ გაარჩევ წარსულს და აწმყოს,

მაგრამ სიცოცხლე მაინც გახარებს,

ცხოვრების უშრეტ ქარცეცხლში ნამყოფს.

 

თმებს დამჩნევია ყველა ზამთარი,

ყოველი წვიმა, ქარი თუ ფიფქი,

ვინ იცის გულში რა ჩაგყოლია,

ვისი გაწვალებს ჯავრი და ფიქრი.

 

არც გიყვებიან, არც შენს საუბარს,

აღარ უსმენენ, ასეა ხშირად,

თუ უსარგებლოსდაგიძახებდნენ,

მოგივიდოდა ოდესმე ფიქრად?

 

აღარ გახარებს მიწიერება,

და რომ გაიგებ მოხუცის სიკვდილს,

უკვე კარგად გრძნობ შენი ცხოვრების,

ყოფნაარყოფნის დრტვენვას და ჭიდილს.

 

გრძნობ,

კიდეც იცი,

რომ ზედმეტი ხარ,

და მოთმინებით მოელი იმ დროს,

როცა წახვალ და უკვე არავინ,

არც გითანაგრძნობს და აღარც გიმტრობს.

 

შენს სიბრძნეს კარგავს დღევანდელობა,

არც გათქმევინებს და არც მოგისმენს,

დამუნჯებული შენ უძლური ხარ,

რომ მეტყველება უკვე მოგისპეს.

 

რადგან მოხუცდი უსარგებლო ხარ!

ფიქრობს და სწორედ აქ სცდება ერი,

ჩვენი სამშობლოც შენებრ ძველია,

ისიც შენსავით არის ბებერი.

 

მაგრამ არ გვინდა?

აღარ გვჭირდება?

უსარგებლოა გამზრდელი ვითომ?

რა ვქნათ ვერ ვხვდებით რომ ძვირფასი ხარ!

რომ საქართველო შენა ხარ თვითონ!

– 2001 –

ვერიკო მოდებაძე