ამ ბედნიერ დღეს როგორ გავძლო, რომ

პატარა ნატვრა არ ავისრულო,

არ მოგილოცო დაბადების დღე,

დიდხანს სიცოცხლე რომ არ გისურვო.

 

არადა კარგო, ნაზი ალერსით,

გაგაბრუებდი რომ ვიყო ახლოს,

ვერ გეუბნები რაც მინდა გითხრა,

შენთვის სათქმელი სიტყვები მახრჩობს.

 

მე ჩაგძირავდი მოლოცვის ზღვაში,

ავასრულებდი შენს ჩუმ სურვილებს,

ოხ რომ შემეძლოს დღესასწაულად,

ვუქცევდი ამ დღეს ყველა სულიერს!

 

ერთ დიდ საჩუქრად ქცეულ პლანეტას,

ჩემო სიცოცხლევ, შენ მოგართმევდი,

დაგაბრმავებდი უხვი საჩუქრით,

სულს სიყვარულში ამოგართმევდი.

 

შენთან რომ ვიყო, შენს ნატიფ სხეულს,

მეფის სამოსით შეგიმოსავდი,

დაგიკოცნიდი ღამისფერ თვალებს,

დაბადების დღეს მოგილოცავდი.

 

მაგრამ მე მარტო ის შემიძლია,

ყველასგან ჩუმად შენზე ვილოცო,

არ მაქვს უფლება თუნდაც შორიდან,

ეს ბედნიერი დღე მოგილოცო.

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე