ყველაფერი ხარ, რაც გულს მიხარებს,

ყველაფერი ხარ, რაც ღიმილს მომგვრის,

ჩემი მზეც შენ ხარ გამათბობელი

და მკაცრი სუსხიც, უბარი თოვლის.

 

ჩემო პეპელავ, ჩემო ყაყაჩო,

ჩემო ნამცხვარო, რბილო და ტკბილო,

ჩემო ნიავო სუნთქვის მომგვრელო,

ჩემო ალერსო, უსაზღვროდ თბილო!

 

ჩემი რწმენა ხარ ხვალინდელ დღისა,

შუქი რომელიც უღრან ტყეს სერავს,

იმედი, ოქრო, ხატება, სიტყვა,

მოგონებები და დედის სევდა.

 

ჩემო ხოხობო, ციცინათელავ,

ჩემო წიწილავ, ტოლო მტკაველის,

მიხარია რომ მე მომევლინე,

რომ შენ ჩემი ხარ, შვება ტკივილის.

 

შენ მერცხალი ხარ ცვრიანი დილის,

გაზაფხული ხარ მომყვანი მერცხლის,

შენ იღბალი ხარ, რომელიც მიცდის,

შენ ის დილა ხარ, წყვდიადს რომ შეცვლის.

 

რა კარგია რომ არსებობ ქვეყნად,

რა კარგია რომ გძინავს ჩვენს გვერდით,

თუ მოინდომებ წასვლას შორს და სულ,

ერთი იცოდე, ჩვენ მუდამ გელით.

 

შენ ის ცრემლი ხარ, გულს რომ მომიშვებს,

შენ ის შვილი ხარ, ვინც მადგამს გვირგვინს,

სამკაული ხარ რაც მუდამ მამკობს,

ყველაფერი ხარ, რაც მომგვრის ღიმილს!

– 2015 –

ვერიკო მოდებაძე