მალე ვიტყვი რომ აღარ მიყვარხარ,

უკანასკნელი ძაფი გაწყდება,

შენც გაიგებ და არ გაიკვირვებ,

თუმც გული სადღაც მაინც დაგწყდება.

 

მალე ამ გრძნობას ისე, ვით სული,

მე ძლიერ სუნთქვას ამოვაყოლებ,

შენ რომ შეიტყობ მერე ამ ამბავს,

ვიცი ცხელ ცრემლებს არ მოაყოლებ.

 

არც დიდ ინტერესს არ გამოიჩენ,

თვალებს არ დაღლი ღამე ტირილით,

მაგრამ არ მჯერა სულ ოდნავ მაინც,

სულში არ იგრძნო მცირე ტკივილი.

 

ჩუმად შენს გულში რომ ჩაიხედავ,

ღრმად დაგაფირებს ჩემი დაკარგვა,

უდიდეს თაყვანს ვინც გცემდა ერთ დროს,

მან დაგივიწყოს, ვიცი არ ვარგა.

 

მაგრამ რას იზამ, დამთავრდა ასე,

ასე მოგვარდა საქმე ჩვენ ორში,

მეც დაგივიწყებ, შენც დამივიწყებ

და ყველაფერი ჩადგება მწყობრში.

 

ბევრს არ იჯავრებ, არ შეგაწუხებს,

ძლიერეი სევდა დარდები მძაფრი,

თუმც გული ოდნავ დაგწყდება როცა,

უკანასკნელი გაწყდება ძაფი.

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე