ამ ზამთარს უკვე გაჰსვლია ყავლი,

მზის სხივთა ჯარი თავს ესხმის ყინვას,

მისი წასვლისა მოვიდა ხანი,

სწუხს ამის გამო, ზამთარი ჰგმინავს.

 

ვეღარას აკლებს სინათლეს სუსხი

და დაძაბული თითქოს სცემს ბოლთას,

თუმც გაზაფხული ჯერ არის სუსტი,

მაგრამ ძლიერი იმედი მოაქვს.

 

ეს გაზაფხული შეიპყრობს ზამთარს,

ბრძოლას დაუწყებს ვით მიწას ხარი,

განგმინავს რქებით, წყვდიადში შთანთქავს,

ამ ზამთარს უკვე გაჰსვლია ყავლი!

– 2002 –

ვერიკო მოდებაძე